English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გავლენა ტურიზმის უსაფრთხოებაზე

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება კაცობრიობის არსებობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა გლობალური ეკოლოგიური პრობლემებიდა მისი გავლენა ტურიზმის უსაფრთხოებაზე. სტატიაში განხილულია ის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენ ტურიზმის დარგზე და მის უსაფრთხოებაზე;  მოყვანილია ეკოლოგიური უსაფრთხოების ის მაჩვენებლები,რომელთა შესაბამისად ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებში იკვეთება  ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურება, ბიომრავალ­ფეროვნების შემცირება და გაქრობა, ეკოლოგიური კატასტროფების რისკების ზრდა და სხვ.; ნაჩვენებია    კლიმატის ცვლილების, პოსტპანდემიური  და ომის პერიოდის და ა.შ.  გავლენა ტურიზმზე.  ნაშრომში აგრეთვე განხილულია ის გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ძირითადი მიზეზები და რისკები, რომლებიც უარყოფითად აისახება ტურიზმის უსაფრთხოების ზოგად მაჩვენებლებზე, მითითებულია მათი აღმოფხვრის ზოგადი გზები და ტენდენციები („რეგენერაციული ტურიზმის“ კონცეფციის მაგალითი).

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, უსაფრთხოება, პანდემია, გლობალური ეკოლოგია, ომი, რისკები, ტენდენცია. 

თანამედროვე პირობებში გარე სამყაროს დაბინძურებასთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან შეიმჩნევა ეკოლოგიური პრობლემების გაუარესების ტენდენცია. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დაბინძურებული და დეგრადირებული გარემო (გლობალური დათბობა, ატმოსფეროს დაბინძურება, ოზონის შრის რღვევა, კლიმატის ცვლილება, მიწების გაუდაბნოება, ოკეანეში მოდრეიფე პლასტიკის უზარმაზარი კუნძულები, ეკოსისტემის რღვევა, ბიომრავალფეროვნების მკვეთრი შემცირება,  დემოგრაფიული აფეთქება, ენერგორესურსების დასუსტება, გარემოს დაბინძურება, სასმელი წყლის დეფიციტი, პანდემიები, ომები  და ა.შ.) ნეგატიურად ზემოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მდგრად ეკონომიკაზე და ეკონომიკურ დარგებზე, მათ შორის ტურიზმზე და მის უსაფრთხოებაზე. კაცობრიობის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში ადამიანები ზემოქმედებენ ბუნებასა და ეკოლოგიაზე. ეს ზემოქმედება მეტად საშიში გახდა ბოლო 100-200 წლის განმავლობაში, როდესაც სამრეწველო რევოლუცია დაიწყო და ამან თანდათანობით ეკოლოგიური პრობლემების სერიოზული გამწვავება გამოიწვია. ეკოლოგიური უსაფრთხოების მაჩვენებლებია: ბუნებრივი ეკოსისტემების დაზღვევის დონე; ბუნებრივი გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობა (წყალი, ჰაერი, ნიადაგი); დამაბინძურებელი ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის მოცულობა; დეგრადირებული მიწების ფართობი; რეგიონში დაავადებათა დინამიკა; დაბინძურების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი და სხვ., რომელთა შესაბამისად ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებში იკვეთება:

- ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ავტოტრანსპორტის დიდი გამონაბოლქვების, გამათბობელი სისტემების, ენერგეტიკისა და სამრეწველო საწარ­მოების მუშაობის შედეგად;

- სასმელი წყლის დაბალი, სულ უფრო გაუარესებული ხარისხი და მთლიანად წყლის რესურსების დაბინძურება, მომწამლავი ჩამდინარე წყლების რაოდენობრივი ზრდა და ა.შ.;

- ბიომრავალფეროვნების შემცირება და გაქრობა, მიწისა და წყლის ეკოსის­ტემების დეგრადაცია, ტყის მასივების შემცირება ხანძრების, მავნებლების შესევის, უკანონო ჭრის  და სხვათა შედეგად;

- ეკოლოგიური კატასტროფების რისკების ზრდა, ნაგავსაყრელების, ნარჩენების არადამაკმაყოფილებელი შენახვის პირობების შედეგად. ასევე  სხვადასხვა პანდემიებით გამოწვეული ავადობის, შიმშილის მაჩვენებლების საგრძნობი ზრდა, ომები, რაც  ეკოლოგიურ  და ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო  აუარესებს.

ტურიზმის დარგი, რომელიც მიუხედავად ბოლო ათწლეულში წარმატებული განვითარებისა და  გლობალური მომსახურების ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისა (მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი წილი უჭირავს), საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადებების რისკების მიმართ, მაგ., როგორიცაა მიწისძვრები, ცუნამი, ტროპიკული ქარიშხლები, ეროზიები, წყალდიდობები, ეპიდემიური და პანდემიური საფრთხეები, ომები და ა.შ.. პანდემიები შეიძლება შევადაროთ ისეთ დიდ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს, რომელიც ვრცელდება არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბით. ყველა დიდი პანდემიის დროს კოლოსალური იყო როგორც ადამანთა მსხვერპლის ოდენობა, ისე ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, კორონავირუსმა (COVID-19) დაწყების დღიდან მსოფლიოში სულ მცირე 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია აღიარებულია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ, მოწყვლად სექტორად, რამაც ასევე უარყოფითი გავლენა იქონია მის უსაფრთხოებაზე. თუმცა პანდემიის დასრულებიდან, UNWTO-ს ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ტურიზმი ნელ-ნელა გააგრძელებს აღდგენას. 2023 წელს მოგზაურობის საერთო რაოდენობა მიაღწევს პანდემიამდე დონის 80-დან 95 პროცენტს. 2022 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა 900 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა, ორჯერ მეტი ვიდრე 2021 წელს, მაგრამ 37%-ით ნაკლები ვიდრე პანდემიამდე. Euromonitor-ის ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, რომელიც განახლებულია 2023 წლის პირველ კვარტალში, 2023 წელს გლობალური შემომავალი ტურიზმის ხარჯები, სავარაუდოდ,  2019 წელის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით მიაღწევს 83%-ს, 2024 წლისთვის და შემდგომ კი სრულად აღდგება.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების პროცესი დინამიკაში ასინქრონული იქნება. UNWTO-ს პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს საერთაშორისო ჩამოსვლების რაოდენობა შესაძლოა მხოლოდ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაუბრუნდეს 2019 წლის მაჩვენებელს. ტურიზმის სექტორზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური კონფლიქტებით გამოწვეული მუდმივი გაურკვევლობა, ასევე COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების გარანტიის დაბალ დონეს.

მსოფლიოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის პანდემიამდე აღდგენის  დინამიკა UNWTO-ს ექსპერტების გამოკითხვის შედეგების მიხედვით ასე გამოიყურება (იხ. სურათი 1): 

 

სურ. 1. მსოფლიოსრეგიონებისმიხედვით საერთაშორისოტურიზმის 2019 წლის მაჩვენებლამდე აღდგენის დინამიკა  (UNWTO-ი ჯგუფის გამოკითხვისშედეგები) [5] 

გლობალური და ლოკალური პრობლემებიდან გამომდინარე  მოსალოდნელია, რომ 2023 წელს მოგზაურობის მთავარი ტენდენციები იქნება ისეთი უსაფრთხო მიმართულებების არჩევა, რომლებიც გთავაზობს ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ თანაფარდობას. ექსპერტების აზრით, 2023 წელს ტურისტები მოგზაურობაზე ნაკლებს დახარჯავენ მოგზაურობის ხარჯებისა და ხანგრძლივობის შემცირებით, ამასთან უპირატესობას მიანიჭებენ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც საშუალებას მისცემს იმოგზაურონ სახლთან უფრო ახლოს  (მაგ. ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამკურნალო და სათავგადასვლო ტურიზმი და სხვ). 2023 წელს მოსალოდნელია ეკოტურიზმის პოპულარობის შემდგომი ზრდა. კვლევებმა ცხადყო, რომ მხოლოდ 2023 წელს მთელ მსოფლიოში ამ ტიპის სამოგზაურო პაკეტის წილი  57% იქნება. ეს პაკეტები მოიცავს სოფლის, პლაჟის, აგრო, სამკურნალო და სათავგადასავლო-ექსტრემალურ მიმართულებებსა და აქტივობებს. პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი მიმზიდველობა განსაკუთრებით განაგრძობს ზრდას. ეს ტენდენცია განპირობებული იქნება ტურიზმის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხების, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებით და მავნე სასათბურე აირების შემცირების სურვილით. მოგზაურები ისეთი მიმართულებების ძიებაში არიან, რომლებიც ნაკლებად ზემოქმედებს დედაბუნებაზე და გარემოზე, როგორიცაა განახლებადი ენერგიის გამოყენება, ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება. მკვლევართა აზრით, 2023 წელს უფრო მნიშვნელოვანი გახდება „რეგენერაციული ტურიზმის“ კონცეფცია. ეკოტურიზმის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ახლებური მიდგომაა მოგზაურობისადმი,  მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტურიზმის ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას, არამედ პოზიტიური ზემოქმედების მოხდენას გარემოზე და ადგილობრივ თემებზე. იგი შეიძლება მოიცავდეს მწვანე სივრცეებში ცხოვრებას, გარემოს დასცავად ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის მხარდაჭერას და გარემოსთვის სასარგებლო აქტივობებში მონაწილეობას.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც განსაზღვრავს ეკოტურიზმის განვითარებას 2023 წელს, არის ტექნოლოგიების გამოყენება. მაგალითად, ვირტუალურ რეალობას შეუძლია მოგზაურებს საშუალება მისცეს, აღიქვან პროცესი რეალური მოგზაურობის გარეშე, რაც შეამცირებს შორ მანძილზე ფრენების აუცილებლობას და შესაბამისად —  ნახშირბადის ემისიას. სხვა ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიცაა ელექტრომან­ქანები და მდგრადი თვითმფრინავის საწვავი, ასევე ითამაშებს როლს მოგზაურობის გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში.

COVID-19-ის პანდემიის გამო, ერთი მხრივ, დაფიქსირდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ატმოსფეროს ჰაერის ხარისხის ამაღლება, რაც საგანგებო მდგომარეობის შემოღებით აიხსნება, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ გარემოზე შესამჩნევი დადებითი ზემოქმედება, იქნება ეს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება თუ სასათბურე გაზების ემისიების შემცირება, დროებითი მოვლენა იყო. ადრეულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, დაავადების გავრცელება დაკავშირებულია დაბალ ემისიებთან —  ინდუსტრიულ ხანამდეც კი,  ხოლო მისი დასრულების შემდეგ  ყოველ ჯერზე ემისიები იზრდებოდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისეთმა ეპიდემიებმაც კი, როგორიცაა შავი ჭირი (ევროპა, მე-14 საუკუნე) და ჩუტყვავილა  (ამერიკის სამხრეთი, მე-16 საუკუნე), დატოვეს თავიანთი კვალი ატმოსფეროში გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგის რაოდენობაში. იმ დროს მზარდი გაქვავებული ხეების შესწავლამ აჩვენა, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, გამონაბოლქვის დონე სწრაფად აღდგა. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ითქვას COVID-19 პანდემიის შედეგებზეც.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც პანდემიის პერიოდში მეტად გამწვავდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პლანეტა ყოველწლიურად 2 მლრდ ტონა ნაგავს გამოყოფს, აქედან გადამუშავდება მხოლოდ 13.5%., მთელი მსოფლიოს ნაგვის უზარმაზარი რაოდენობის 40% არანაირ უტილიზაციას არ ექვემდებარება და პირდაპირ ზემოქმედებს ეკოლოგიაზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 95%-მდეც ფიქსირდება. ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ასევე უკავშირდება პლასტიკურ მასებს. იგი მთელი მსოფლიო ნაგვის 12%-ს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო ოკეანის დამანაგვიანებელთა შორის 90%-ს იკავებს.

პანდემიის დროს გაუარესდა მდგომარეობა დამაბინძურებელი მყარი და პლასტიკური ნარჩენების მატების მხრივ, რადგან მოთხოვნა გაიზარდა პლასტიკურ ჭურჭელზე. ადამიანები ხშირად  საკვებს უკვეთავენ და ყიდულობენ  ინტერნეტით,  მისი დიდი ნაწილი შეფუთულია ერთჯერად პლასტიკურ  ჭურჭელში. ამასთან ერთად მრავალი ტურისტული კომპანია ცდილობდა და ცდილობს თავის თანამშრომ­ლებსა და მომხმარებლებს უსაფრთხო მომსახურება სწორედ ერთჯერადი პლასტიკის ნივთებით გაუწიოს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათზე მოთხოვნა. ტაილანდის გარემოს დაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, პლასტიკის ნარჩენების რაოდენობა მსოფლიოში პანდემიის დროს გაიზარდა 6300 ტონამდე დღეში, ხოლო ეპიდემიამდე საშუალოდ იყო 1500 ტონა დღეში. გაიზარდა  ერთჯერადი პირბადეების, ხელთათმანების, ხელსაწმენდების გამოყენება. მათი მრავალჯერადი გამოყენება ზრდის დაავადების გავრცელების რისკს. ამის გამო გროვდება მათი უზარმაზარი მასა. თანაც ცნობილია, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება აკრძალულია. ისინი სპეციალური წესით ნადგურდება. ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში სწორედ სამედიცინო ნარჩენები გაიზარდა უამრავჯერ. მაგალითად, „პოპულარულ” იუჰანში ზოგჯერ დღეში ნარჩენების რაოდენობა 200 ტონას აღწევდა.

პლასტიკის ნარჩენების სწრაფმა ზრდამ, რომელიც თითქმის ყველა მომხმარებლისთვის გახდა აუცილებელი, დააფიქრა საზოგადოება და უფრო ინფორმირებული  გახდა ამ საკითხთან მიმართებით. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დღეს ტურისტების დაახლოებით 82%-ს კარგად აქვს გაცნობიერებული  პლასტიკური ნარჩენების პრობლემა და ატარებს ინდივიდუალურ ზომებს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მთელ მსოფლიოში დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზეც. აშშ-ის ეროვნულ პარკებში ყოველწლიურად 45 ტონა საყოფაცხოვ­რებო ნარჩენი წარმოიქმნება. ბრიტანელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს დაბინძურების  "უპრეცედენტო ზრდა" fly-კემპინგის ირგვლივ, როდესაც დასვენების შემდეგ ტურისტთა ჯგუფები ტყეში ტოვებენ კარვებს, აღჭურვილობას და ნაგავს,  თავად კი მსუბუქად ბრუნდებიან სახლებში.

გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მონაცემებით, ტურისტული საქმიანობის ნარჩენები 2030 წლისათვის მინიმუმ 25%-ით გაიზრდება. გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მოხსენებაში „მწვანე ეკონომიკაზე“ ნათქვამია, რომ 2050 წლისათვის ენერგიის მოხმარება ტურიზმში გაიზრდება 154%-ით, სასათბურე გაზების გაფანტვა — 131%-ით, წყლის მოხმარება — 152%-ით, მყარი ნარჩენების უტილიზაცია —  251%-ით. ამგვარად, ტურიზმი თავისი წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილებაში.

ამ პრობლემის გადაჭრას მრავალი ქვეყანა ცდილობს. მაგალითად, ევროკავ­შირის ქვეყნებში აკრძალეს ერთჯერადი პლასტიკის ნივთების წარმოება. შესაბამისი კანონი 2021 წლის 3 ივლისს იქნა მიღებული. აკრძალულ ნივთებს შორის მოხვდა ერთჯერადი ჭურჭელი, სამაგიდო ნივთები, კონტეინერები, ბუშტების დამჭერი ჯოხები. შვეიცარიაში უტილიზაციას ექვემდებარება 50%. ეს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. საფრანგეთში სუპერმარკეტებს აუკრძალეს ვადაგასული, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის უტილიზება. 2016 წლიდან საკვები პროდუქტები, რომლებსაც ამ დღეს გაუვიდა ვადა, გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მეცხოველეობის ფერმებს. 2021 წლის 1 იანვრიდან საფრნგეთში აღარ იყიდება პლასტიკურ მასალებში დაფასოებული ხილი და ბოსტნეული და ა. შ..

2021 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების სამთავრობათა­შორისო პანელის (კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი IPCC) ანგარიშის მესამე ნაწილი, რომელშიც მეცნიერები პროგნოზირებენ გლობალური დათბობის პრობლემების მატებას მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში. დღემდე მსოფლიო ვერ უზრუნველყოფს კლიმატის ექსტრემალური ცვლილების პრევენციას. 21-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში თუ მნიშვნელოვნად არ შემცირდება ნახშირორჟანგი და სხვა სასათბურე აირები, გლობა­ლური დათბობის ტემპერატურა  გაიზრდება 1,5°C და 2°C-ით. გარდა ამისა, 2021 წელი ზედიზედ მეშვიდე ყველაზე ცხელი წელია, რომელიც  რეკორდულად საშუალო გლობალური ტემპერატურით წინა ინდუსტრიულ დონეს დაახლოებით 1,11 (± 0,13) °C-ით აღემატება.

ამასთან მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — დაახლოებით 4,5 მილიარდი ადამიანი — უკვე დაზარალდა ამინდთან დაკავშირებული ძირითადი ბუნებრივი კატასტრო­ფებით, რამაც საგრძნობლად გაზარდა სიკვდილიანობა, საცხოვრებელი სახლების ნგრევა, საარსებო საშუალებების განადგურება, რაც ძირს უთხრის ქვეყნების ეკონომიკას.

2019 წელს, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების სამთავრობათა­შორისო სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის (IPBES) ინფორმაციით,  კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის აქტივობის გამო მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 1 მილიონი სახეობა ამჟამად გადაშენების საფრთხის წინაშეა, რაც ბიომრავალფეროვნების შემცირების საწინდარია. ექსპერტების აზრით, უმოქმედობა გამოიწვევს კლიმატის სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის უფრო და უფრო მეტ სიცხეს, კლიმატურ მიგრაციას, ტყის ხანძრებს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად,  დაზიანდა ან განადგურდა 530,000 ჰექტარამდე დაცული ტერიტორია (McCarthy, 2022), შტორმებს, ტროპიკულ ციკლონებს, გვალვებს, ოკიანეების გამჟავებას, ცხოველთა სახეობების გადაშენებას, მყინვარებზე თოვლის ინტენსიურ  დნობას და ზღვის დონის აწევას, შიმშილს და სხვ.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს უწყებით, გლობალური გამონაბოლქვის დროებითი შემცირების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა არეულობამ შეიძლება შეაფერხოს ან საერთოდ შეაჩეროს კომპანიების ინვესტიციები მწვანე ენერგიაში. 

თუ გასული წლის აგვისტოში კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთაჯგუფი IPCC პანელის  იმავე ანგარიშის წინა ნაწილმა სახელმწიფოების დიდი დაინტერესება, ხმაური და შეშფოთება  გამოიწვია,  ამჯერად თებერვლის ანგარიში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. გარემოს დაცვითი დღის წესრიგი გადაფარა რუსეთ-უკრაინის ომის თემამ.

 

ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ომების დროს გარემოს დაზიანება მხოლოდ ლოკალურია და არ გააჩნია გლობალური შედეგები. ტურიზმი ერთ-ერთი იმ დარგთაგანია, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება ომის დროს. უფრო მეტიც, ზარალს განიცდის არა მხოლოდ უშუალოდ კონფლიქტში  ჩართული ქვეყნები, ასევე მეზობელი ქვეყნებიც, რომლებიც ყველაფერთან ერთად ავტომატურად ხვდებიან სამოგზაუროდ საშიში ქვეყნების სიაში და ეს კი უარყოფითად აისახება შემდგომ ამ ქვეყნების ეკონომიკაზე. ბუნებრივია ასეთ ქვეყნებში ცოტა ადამიანს თუ აქვს მოგზაურობის სურვილი. მრავალწლიანმა ომებმა და სამხედრო კონფლიქტებმა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა გარემო და ეკოსისტემები.  რაც უფრო ხანგრძლივია ომი მით მეტია ეკონომიკურ-ეკოლოგიური ზარალი. ბუნებრივი რესურსების განადგურება, წარმოების შემცირება ან შეწყვეტა და ეკონომიკური კრიზისის განვითარება იწვევს ეკონომიკური აქტივობის სერიოზულ შემცირებას. გარდა ამისა, უსაფრთხო გარემოს უქონლობის გამო ტურისტების რაოდენობისა  და უცხოური ინვესტიციების შემცირებამ ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ლოკალურ და გლობალურ პრობლემებთან ერთად ხანგრძლივი ომის შედეგად გარემოს დაბინძურება პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, იწვევს  დაავადებების (მაგ. სიმსივნე, ფილტვის დაავადება, ასთმა და სხვ.) ზრდას და შიმშილს. გარდა ამისა, ბირთვული და ქიმური იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების ზრდა. მაგ., ვიეტნამის ხანგრძლივმა ომმა (1955-1975) და მასში ისეთი ქიმიური აგენტების გამოყენებამ, როგორიცაა, მაგ., აგენტი ნარინჯისფერი, გაანადგურა ტყის უზარმაზარი მასივები, ფლორა და ფაუნა, დააბინძურა წყალი, ჰაერი და დააზიანა ნიადაგი.  შეერთებულმა შტატებმა შექმნა აგენტი ნარინჯისფერი Agent Orange, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი. „ოპერაცია Ranch Hand“-ის (1962-1971) დროს ვიეტნამსა და ლაოსში აშშ-მა 20 მილიონი გალონი ჰერბიციდი გადაყარა 5,5 მილიონ ჰექტარ ტყეზე და კულტურებზე. თითქმის 4.9 მილიონი დაავადებული ვიეტნამელი და 400,000 ადამიანი გარდაიცვალა სიმსივნით გამოწვეული დაავადებებით, აუტოიმუნური დაავადებებით, კანის დარღვევებით და ნევროლოგიური პრობლემებით. დღეს ერთი მილიონი ვიეტნამელი ებრძვის შხამის მემკვიდრეობით გამოწვეულ შედეგებს, მათგან 100,000 ბავშვია. ვიეტნამის წითელი ჯვრის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ბავშვები კვლავ  თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან.  ეს საკითხი დღემდე აქტუალურია.  ერაყის ომში (2003-2011) სხვა მრავალი პრობლემასთან ერთად მრავალი დაავადების წყარო გახდა  მტკნარი წყლის დეფიციტი, რაც განაპირობა წყლის ქიმიურმა დაბინძურებამ.

ინფრასტრუქტურის, საცხოვრებლების, ენერგოობიექტების და წყალმომარაგების სისტემების განადგურება გარემოს ფართომაშტაბიანი, პირდაპირი დაბინძურების (რადიაქტიული) სერიოზული წყაროა. პირდაპირი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის მატარებელია რუსეთ-უკრაინის ომში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბობმბვის საფრთხე. ეს არის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ატომურ ელექტროსადგურებთან და ჰიდროელექტროსადგურების განადგურებასთან.  უკრაინის ტერიტორიაზე ოთხ ელექტროსადგურზე 15 ატომური რეაქტორია. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იძლეოდა გაფრთხი­ლებას, რომ საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული რეაქტორების მუშაობას. მარტის დასაწყისში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარის გაჩენამ  კინაღამ შექმნა ამის რეალური საფრთხე, რის გამოც გაიმართა სახელმწიფოთა ერთობლივი სასწრაფო კონსულტაციები ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებთან. ამასთან ერთად არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე რადიოაქტიური და ტოქსიკური ნარჩენების შესანახ 465 ობიექტთან დაკავშირებული დიდი რისკები — წერს VoxEurop. გარე ფაქტორებით მათი დაზიანების  ან არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში (განსაკუთრებით საომარი მოქმედებების პერიოდში) შეიძლება მოხდეს გაჟონვა, რომელიც გამოიწვევს მდინარეების დნეპრისა და დნესტრის რადიაქტიულ დაბინძურებას.  თუ ჩვენ ვსაუბრობთ საფრთხეებზე, მაშინ ატომური ელექტროსადგური არის ნომერ პირველი საფრთხე,  ჰიდროელექტროსადგური კი მეორეა, თუმცა  შესაძლოა ის იკავებდეს პირველ ადგილსაც პირდაპირი ზიანის მიყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით: წყლის უზარმაზარი მოცულობების დაღვრა,  პირდაპირი ადამიანური (ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა), ტექნოლოგიური  და  გარემოზე გრძელვადიანი  ზიანი. უკრაინის ტერიტორია სავსეა ქიმიური ქარხნებითა და საწყობებით, ნავთობის საცავებით, ქვანახშირის მაღაროებით, გაზსადენებით და სხვა სამრეწველო ობიექტებით, რომელთა დაზიანების შემთხვევაში დიდი რაოდენობით დამაბინძურებლები გამოიყოფა. ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა აზოვსტალის რკინისა და ფოლადის ქარხანა, ავდიივკას კოქსის ქიმიური ქარხანა, კრემენჩუგის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სხვები, უკვე გამოუშვეს ათასობით კუბური მეტრი გაზი და სხვა საშიში ნივთიერებები ჰაერში, — წერს New York Times.

ომში გამოყენებული სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი აბინძურებს გარემოს საშიში ქიმიკატებით, რადიოაქტიური მასალებით, მძიმე მეტალებით. The Wall Street Journal წერს, რომ უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების ატმოსფეროს, ნიადაგისა და მდინარეების დამაბინძუ­რებლებისგან გაწმენდას შეიძლება მრავალი ათწლეული დასჭირდეს. ამავდროულად, მავნე გამონაბოლქვი ზრდის კიბოს და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს რეგიონების მცხოვრებთათვის, ასევე ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხებას. აქედან გასაგებია, თუ რა დრო დასჭირდება უკრაი­ნისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის დასუფთავებას?  გარდა ამისა, ომების დროს შეიძლება მოხდეს დაუმუშავებელი ნარჩენების და ტოქსიკური ნივთიერებების არასანქცირებული გადაყრა, რომლებიც ასევე აბინძურებენ გარემოს, ჰაერს. ომის პერიოდში ბუნებრივი რესურსების ათვისებაც შესაძლებელია ყოველგვარი კონტროლის გარეშე, რაც იწვევს ეკოსისტემების დეგრადაციას და უარყოფითად აისახება გარემოზე.

ომის პერიოდში ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება პირდაპირ  დამღუპველად აისახება ფლორასა და ფაუნაზე (ტყეები, ეროვნული პარკები,  დაცული ტერიტორიები და სხვ.). ცხოველთა მრავალი სახეობა ტოვებს  ბუნებრივ ჰაბიტატს ან იღუპება, რაც იწვევს მათი რაოდენობის შემცირებას ან გადაშენებას,  რასაც შესაბამისად მოსდევს ბიომრავალფეროვნების დაკარგვა. ომის დროს ნადგურდება ეროვნული პარკები, რომლებიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და ტურისტებისათვის მეტად საინტერესო ადგილებია. ამის საუკეთესო მაგალითია  ვირუნგას ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. Virunga არის უძველესი და ყველაზე ღირებული ეროვნული პარკი აფრიკაში, თუმცა  ის მდებარეობს ზონაში, სადაც რეგულარულად ხდება სამხედრო კონფლიქტები. შედეგად აქ რეგულარულად იღუპება იშვიათი ცხოველები, რომელთაგან ბევრი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს. გარდა ამისა  ნადგურდება მრავალი მცენარე.

სამხედრო კონფლიქტები ასევე უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. მაგალითად, მასიური იარაღის გამოყენება, საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ანადგურებს ტყეებს და მცენარეულ საფარს, რითაც მცირდება ეკოსისტემის უნარი, შთანთქას დიდი რაოდენობით გამოფრქვეული CO2 და წარმოქმნას ჟანგბადი, ამით შეამციროს მავნე აირების ემისია გარმოში, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია კაცობრიობის არსებობისათვის.  გარდა ამისა, ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგორე­სურ­სების წვამ სამხედრო აღჭურვილობის მოქმედებაში მოსაყვანად (მაგალითად, ერთი  T-72 ტანკი, რომელიც აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში, ყოველ 100 კილომეტრზე მოიხმარს 250 ლიტრ დიზელის საწვავს, ხოლო საბრძოლო გამანადგურებლი  1 საათით ფრენისას საჭიროებს დაახლოებით 5000 ლიტრ ნავთობს) შეიძლება  გაზარდოს სასათბურე გაზების ემისიები და  გამოიწვიოს კლიმატის ცვლი­ლება.

ეს ყოველივე ნათლად აჩვენებს, რომ ხანგრძლივმა სამხედრო კონფლიქტებმა შეიძლება სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკასა და გარემოზე, რაც ხაზს უსვამს კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზების პოვნის აუცილებლობას. 

დასკვნა

საბოლოოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეკოლოგიური პრობლემების სრული უზრუნველყოფა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და მარტო ეროვნული ინტერესების ფარგლებში მისი მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ თითოეული ქვეყანა, პირველ რიგში, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები ვალდებული არიან გაითვალისწინონ ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის ყველა მათ ხელში არსებული საშუალებების გამოყენება, ვინაიდან შეიმჩნევა ეკოლოგიური პრობლემების გაუარესების ტენდენცია. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დაბინძურებული და დეგრადირებული გარემო  ნეგატიურად ზემოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მდგრად ეკონომიკაზე და ეკონომიკურ დარგებზე, მათ შორის ტურიზმზე და მის უსაფრთხოებაზე, რომელიც, მიუხედავად ბოლო ათწლეულში წარმატებული განვითარებისა, საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადებების რისკების მიმართ. კვლევებმა აჩვენა, რომ ტურიზმის სექტორზე დიდ გავლენას ახდენს გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობა (განსაკურებით გარემოს დაბინძურების მაღალი დონე), გეოპოლიტიკური კონფლიქტებით (ომები) გამოწვეული მუდმივი გაურკვევლობა ხელს უშლის დარგის მდგრად განვითარებას  და მოგზა­ურებისთვის წინა პლანზე წამოწია ტურიზმის დარგის უსაფრთხოების მაღალი გარანტიის აუცილებლობა.

გლობალურმა დათბობამ უკვე იმოქმედა ტურიზმზე, კლიმატის ცვლილების შედეგად  რისკები გაიზარდა   კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებში და სეზონური ტურიზმისთვის, მაგალითად, ზამთრის ტურიზმი — კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაკლები თოვლი  ან მყინვარების ინტენსიური დნობა. რისკები უფრო დაბალი იქნება ტურისტული ბაზრებისთვის, რომლებიც ნაკლებად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. თუმცა ხაზგსასმელია, რომ გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი (ემისიების შემამცირებელი) ღონისძიებები არის გადაუდებელი და აუცილებელი, რათა შეძლებისდაგვარად შეჩერდეს ან შემცირდეს ადამიანის ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების პროცესი და  მინიმუმამდე დავიდეს არსებული რისკები როგორც გარემოზე, ისე საზოგადოებაზე. ამასთან ერთად ხანგრძლივი საომარი მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ფლორასა და ფაუნას, ადამიანის ჯანმრთელობას და ქვეყნის ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, უნდა მოვძებნოთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზები, ყურადღება უნდა მიექცეს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას და ბუნებრივი რესურსების დაცვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ომების გავლენა მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.   

გლობალური და ლოკალური პრობლემებიდან გამომდინარე  მოსალოდნელია, რომ 2023 წელს მოგზაურობის მთავარი ტენდენციები იქნება ისეთი უსაფრთხო მიმართულებების არჩევა, როგორიცაა  ბუნებრივ ღირშესანიშნაობებსა და სილამაზეზე დაფუძნებული ტურიზმი (ეკოტურიზმი,  სათავგადასავლო ტურიზმი,  ასევე პლაჟის ტურიზმი). რამდენადაც მსოფლიო ხდება უფრო ეკოლოგიურად ცნობიერი, ეკოტურიზმი მზად არის გახდეს მთავარი ძალა ტურიზმის ინდუსტრიაში.

„რეგენერაციული ტურიზმისკენ“ მიმართული ტენდენცია და ტექნოლოგიის გამოყენება გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად განსაზღვრავს ეკოტურიზმის მომავალს, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ასევე უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Всемирная туристская организация сделала прогноз на... ria.ru›Новости› Всемирная туристская организация сделала прогноз на 2023 год.
  2. პანდემიის გავლენა ეკოლოგიურ პრობლემებზე მსოფლიოში. Available from: https://www.researchgate.net/ publication/348884987_pandemiis_gavlena_ekologiur_problemebze_msoplioshi [accessed May 10 2023].
  3. Global tourism to recover from pandemic by 2023, post... reuters.com›world/the-great-reboot…pandemic…2023…
  4. Названы главные тренды мирового туризма в 2023 году atorus.ru›node/51583.
  5. Экотуризм в 2023 году: Будущее экологичных путешествий 9111.ru›Публикации›Экология.
  6. Война в Украине приведет к экологической катастрофе
  7. Влияние пандемии COVID-19 на мировой туризм... 1economic.ru›lib/114208dw.com›ru/vojna-v-ukraine-privedet…ekologiceskoj…

  8. Забытая экология: как события на Украине отразятся на... forbes.ru›Бизнес.
  9. Экотуризм в 2023 году: Будущее экологичных путешествий 9111.ru›Публикации›Экология.
  10. Здесь можно будет жить? Как война влияет на экологию... dw.com›ru/mozno-li-budet-zdes-dalse-zit-kak-vojna…
  11. აგენტი ნარინჯისფერი ამერიკაზე... worldbeyondwar.org. https://worldbeyondwar.org › the-people-versus-agent...
  12. კლიმატის ცვლილების უარყოფითი... climatebasics.info. https://www.climatebasics.info › post › კლიმატის-ცვლ...